პროგრამაში ჩართულ ბავშვს/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანს

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შენ  ჩაიდინე ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დანაშაული, ხარ 21 წლამდე ასაკის, პროკურორი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განრიდების, ან განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში შენს ჩართვასთან დაკავშირებით.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა:

განრიდება და მედიაცია არის ერთი შანსის პროგრამა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას გამოასწორო დაშვებული შეცდომა, აიღო პასუხისმგებლობა შენ მიერ ჩადენილ ქმედებაზე, დაიწყო კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგა ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ სასჯელისა და ნასამართლობის გარეშე.

პროგრამაში ჩართვა შეგიძლია იმ შემთხვევაში თუ:

  • აღიარებ ჩადენილ ქმედებას;
  • ხარ 14-დან 21 წლამდე ასაკის;
  • ჩაიდინე დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • არ ხარ ნასამართლევი;
  • ადრე არ ყოფილხარ ჩართული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში.

პროკურორი, მას შემდეგ, რაც შეგხვდება და გაგესაუბრება ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მოგაწვდის ინფორმაციას, რომ განიხილავს განრიდების პროგრამებში შენი ჩართვის საკითხს, შენი და შენი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას  პროგრამაში შენს ჩართვასთან დაკავშირებით. პროკურორი ასევე თვალყურს მიადევნებს შენ  მიერ განრიდების პირობების შესრულების პროცესს და თუ არ შეასრულებ რომელიმე პირობას, იგი იღებს გადაწყვეტილებას, განრიდების პირობების შეცვლის, პროგრამაში შენი ჩართვის ვადის გახანგრძლივების, ან გასამართლების მიზნით, შენი სასამართლოში წარდგენის შესახებ.

განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენი საქმე გადაეცემა სოციალურ მუშაკს. სოციალური მუშაკი არის სპეციალისტი, რომელიც მოვა შენთან და შეისწავლის შენს ინდივიდუალურ საჭიროებებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს. იგი გაესაუბრება შენი ოჯახის წევრებს.  ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ  მოხდეს შენი ინტერესების გათვალისწინება და განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულებისათვის სწორი პირობების შემუშავება, რომლის შესრულებაც, ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, შენი ვალდებულებაა. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულად ითვლები იმ მომენტიდან, როდესაც შენთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. სოციალური მუშაკი შენთან იმუშავებს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც, მისი მოქმედების ვადის დასრულებამდე. ის იქნება შენი მხარდამჭერი, დაგეხმარება გაიაზრო რაც მოხდა და სრულყოფილად შეასრულო ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს პროკურორს.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც პროკურორი მიიღებს განრიდების შესახებ წინასწარ გადაწყვეტილებას და შენ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალდა სხვა პირი, საქმეში ერთვება მედიატორი, რომელიც არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირი. მედიატორის მიზანია დაზარალებულის განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მონაწილეობაზე დათანხმება,  შენსა და დაზარალებულს შორის მოლაპარაკების პროცესის წარმოება, მასთან შერიგებისა და ზიანის ანაზღაურების ფორმაზე შეთანხმების მიღწევაში დახმარება.

მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ, მედიატორი გამართავს საერთო შეხვედრას (.. მედიაციის კონფერენციას), რა დროსაც, შენ პირადად შეხვდები დაზარალებულს.   მედიაციის კონფერენციას დაესწრებიან აგრეთვე:  შენი კანონიერი წარმომადგენელი (მაგ. მშობელი), თუ არ ხარ 18 წლის. ცალკეულ შემთხვევებში,  მედიაციის საერთო შეხვედრას შეიძლება ესწრებოდნენ სოციალური მუშაკი და პროკურორი. მედიაციის კონფერენციას შეიძლება დაესწროს სხვა პირიც (მაგ. შენი ადვოკატი). ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა მოგეცემა ბოდიში მოუხადო დაზარალებულს და ისაუბროთ  ამ ქმედების ჩადენის მიზეზებზე, თქვენი განცდებისა და ემოციების შესახებ. მედიაციის საერთო შეხვედრის მთავარი წესის მიხედვით, შეხვედრაზე მიუღებელი შეიძლება იყოს კონკრეტული ქმედება და არა შეხვედრის მონაწილე რომელიმე პირი. მედიაციის პროცესი როგორც შენი, ასევე შეხვედრის სხვა მონაწილე პირების უფლებების პატივისცემით წარიმართება, მათ შორის, პატივისა და ღირსების პატივისცემით.

შეხვედრის ბოლოს, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შეხვედრის/მედიაციის კონფერენციის ყველა მონაწილე ხელს მოაწერს განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულებას, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება თქვენთან წინასწარ შეთანხმებული ის პირობები, რომელთა შესრულება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოგიწევს. ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა ხდება შენი ფიზიკური შესაძლებლობების,  უნარების, ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, თუ შენ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას არ ჰყავს დაზარალებული (.. დანაშაულს არ მოჰყოლია ფიზიკური, მორალური, ან ქონებრივი ზიანი) ან თუ დაზარალებულმა უარი განაცხადა მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე, შესაძლებელია შენი განრიდების პროგრამაში ჩართვაც მედიაციის გარეშე. ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს შეიცვალოს აზრი და ნებისმიერ დროს ჩაერთოს მედიაციის პროცესში. მედიაციის გარეშე განრიდების შემთხვევაშიც, განრიდების პროცესი წარიმართება ჩვეულებრივ იმ გამონაკლისით, რომ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ მედიატორი და დაზარალებული.

გახსოვდეს, მნიშვნელოვანია გამოიყენო ეს შანსი და იცოდე, რომ განრიდებისა და მედიაციის პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას, გამოასწორო შენ მიერ დაშვებული შეცდომა და გააგრძელო ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე.

statistika განრიდებული 4430   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა