პროგრამის შესახებ

რა არის განრიდება და მედიაცია?

განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნისათვის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნისათვის არის ერთი შანსი, გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ გააგრძელოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ.

პროგრამა ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის მართლშეგნების ამაღლებას, მის რესოციალიზაციას, რეაბილიტაციას და ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს.

განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამზარალებლისა და დაზარალებულის ინტერესებს,  მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების, როგორც მთლიანობის, გაჯანსაღებაზე.

განრიდების პროგრამების ამოქმედება და რეფორმები

2010 წლის, ივლისში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება. ამ ცვლილებასთან ერთად ამოქმედდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ბაზაზე პროგრამა 2010 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა და ამავე წლის 19 ნოემბერს განრიდებულ იქნა პირველი არასრულწლოვანი. თავდაპირველად, პროგრამა საპილოტე რეჟიმში მოქმედებდა საქართველოს მხოლოდ ოთხ ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი. 2011 წელს პროგრამას დაემატა ორი ქალაქი: გორი და სამტრედია. 2013 წლის აგვისტომდე პროგრამას ეტაპობრივად ემატებოდა საქართველოს სხვა  ქალაქები, ხოლო 2013 წლის აგვისტოდან კი - მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

განრიდების პროგრამებში განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა.

პირველი რეფორმა

2014 წლის ნოემბრამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში თუ მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. 2014 წლის 11 ნოემბრიდან პროგრამა გავრცელდა მძიმე კატეგორიის დანაშაულებზეც. აღნიშნული ცვლილებებით შეიცვალა და დაიხვეწა 2010 წლიდან პროგრამის პრაქტიკაში გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზები და სხვადასხვა პროცედურული საკითხებიც. მათ შორის, დაწესდა პროგრამაში მომუშავე პროფესიონალთათვის სამუშაო ვადები. ასევე, თუ წინათ მედიაციის შესახებ დაზარალებულს ინფორმაციას პროკურორი აწვდიდა და მხოლოდ დაზარალებულის მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე თანხმობის შემთხვევაში ერთვებოდა მედიატორი, დღეისათვის იგი პროცესში პროკურორის მიერ განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ერთვება, რაც ზრდის მედიაციით დასრულებული საქმეების რაოდენობას.  შესაბამისად, ამცირებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულსა და განრიდებულს შორის წარმოშობილი კონფლიქტების რაოდენობას.

მეორე რეფორმა

2016 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა საქართველოს კანონიარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელის მიხედვითაც ბევრ სხვა ნოვაციასთან ერთად, კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესდა განრიდების მექანიზმი. კოდექსის მიხედვით, განრიდება გახდა პრიორიტეტული და კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებულია პირველ რიგში, განიხილოს განრიდების შესაძლებლობა და მხოლოდ შემდეგ დაიწყოს ფიქრი სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ამასთან, პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება განრიდების გამოყენებაზე უარის შესახებ. განრიდება გავრცელდა 14-18 წლამდე არასრულწლოვნების გარდა, 18-დან 21 წლამდე ასაკის პირებზეც. განრიდების უფლებამოსილება აგრეთვე მიენიჭა სასამართლოსაც. კერძოდ, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან მოსამართლე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ან/და საკუთარი ინიციატივით საქმე დაუბრუნოს პროკურორს განრიდების მიზნით. კიდევ უფრო გაიზარდა მედიატორის როლი. კოდექსის მიხედვით, პროკურორისა და სოციალური მუშაკის დასწრება მედიაციის საერთო შეხვედრაზე (ე.წ. მედიაციის კონფერენციაზე) სავალდებულო აღარ არის.


განრიდების პროგრამების მიზნები:

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ლიბერალიზაცია;
  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა;
  • არასრულწლოვნის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენცია;
  • არასრულწლოვნის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესება.

განრიდების პროგრამების პრინციპები:

ა) ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა ­– არასრულწლოვნის ინტერესისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ხშირად უნდა მოხდეს სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატივების გამოყენება. თუ 21 წლის ასაკს მიუღწეველმა პირმა  ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის სისტემისაგან მის განრიდებას;

ბ) ნებაყოფლობითობაგანრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რა დროსაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირი აღიარებს დანაშაულს. დაუშვებელია მხარეებზე ზეგავლენა მათი პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. მხარეები უფლებამოსილნი არიან, განრიდების/მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვან ნებისმიერ ეტაპზე;

გ) პროპორციულობა21 წლამდე ასაკის პირის ქცევის შეზღუდვა და ვალდებულებები უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. პროპორციული ღონისძიების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ასაკი და სხვა მახასიათებლები, ასევე, ჩადენილი დანაშაულის ბუნება, სიმძიმე, მიყენებული ზიანი და გავლენა საზოგადოებაზე;

დ) კონფიდენციალურობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ან თუ კანონმდებლობით სხვა წესი არ არის განსაზღვრული;

ე) სტიგმატიზაციის დაუშვებლობა – შეფარდებული ღონისძიება არ უნდა იწვევდეს პროგრამაში ჩართული პირის სტიგმატიზაციას, მის მოწყვეტას ნორმალური სასწავლო პროცესისგან და არ უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ ზეგავლენას მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე;

ვ) არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინება – პროკურორის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს. აქ უნდა შეფასდეს, თუ რა შესაძლო შედეგი ექნება მის ჩართვას პროგრამაში, როგორია განმეორებითი დანაშაულის რისკი და ა. შ.


21 წლამდე ასაკის პირის (14 წლის ასაკიდან) მიმართ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი გარემოებების ერთობლივი არსებობის პირობებში:

  • ჩადენილია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, ე.ი.  ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი არ არის ნასამართლევი;
  • არასრულწლოვანს/21 წლამდე ასაკის პირს ადრე არ აქვს მონაწილეობა მიღებული განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • აღიარებს დანაშაულს და თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს განრიდების პროგრამაში;
  • არ არსებობს გარემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით, თუ კონკრეტული საქმე აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, პროკურორი ვალდებულია, პირველ რიგში, განიხილოს 21 წლამდე ასაკის პირის განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა. ამასთან, პროკურორის უარი ექვემდებარება გასაჩივრებას ზემდგომ პროკურორთან.

 

პროგრამის განმახორციელებელი პროფესიონალები:

პროკურორი

მოზარდის განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი მას შემდეგ, რაც იგი შეხვდება კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს, მის კანონიერ/საპროცესო წარმომადგენელს (დამცველს) და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შეხვედრისას პროკურორი ესაუბრება მათ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მათთვის გასაგებ ენაზე, დეტალურად აცნობს პროგრამის, არსს, მიზნებს, მის სავარაუდო პირობებს, შესაძლო შედეგებს და ისმენს მათ მოსაზრებებს პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. 

დაზარალებულთან შეხვედრისას პროკურორი მას აწვდის ინფორმაციას განრიდების პროცესის შესაძლო დაწყების შესახებ და განუმარტავს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. პროკურორი ვალდებულია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მასთან კომუნიკაციას, რათა თავიდან აიცილოს მისი გაღიზიანება და უკმაყოფილება. ამასთან, პროკურორი დაზარალებულს ატყობინებს პროცესში მედიატორის ჩართვის აუცილებლობის შესახებ, აცნობს მას მედიატორის პროცესში მონაწილეობის სასარგებლო მიზანსა და დადებით მხარეებს.

ამასთან, შემდგომ ეტაპზე, პროკურორი ასევე თვალყურს მიადევნებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის  მიერ განრიდების პირობების შესრულების პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეასრულებს ხელშეკრულების პირობებს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, განრიდების პირობების შეცვლის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივების, ან გასამართლების მიზნით, არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში წარდგენის შესახებ.

სოციალური მუშაკი

სოციალური მუშაკი ხვდება 21 წლამდე ასაკის პირს, მისი ოჯახის წევრებს და ამ გზით შეისწავლის მოზარდის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ინტერესებს, შესაძლებლობებს. სოციალური მუშაკის და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის/მისი ოჯახის წევრების კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების ის პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევს მას.  

21 წლამდე ასაკის პირისათვის შერჩეული პირობები უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული და მათი განსაზღვრისას უნდა იქნეს გათვალისწინებული კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის ასაკი, ჩადენილი დანაშაულის ბუნება, სიმძიმე, მიყენებული ზიანი და გავლენა საზოგადოებაზე.

სოციალური მუშაკი მუშაობას აგრძელებს ხელშეკრულების დასრულებამდე და ეხმარება არასრულწლოვანს/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანს პირობების სრულყოფილად შესრულებაში.

სოციალური მუშაკი ვალდებულია, აცნობოს პროკურორს, განრიდების პროგრამაში ჩართული პირი თუ ვერ ან არ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს.

მედიატორი

მას შემდეგ, რაც პროკურორი მიიღებს განრიდების გადაწყვეტილებას და საქმეს ჰყავს დაზარალებული,  საქმეში ჩაერთვება მედიატორი, რომელიც არის ნეიტრალური პირი. მედიატორის მიზანია დაზარალებულსა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს შორის მოლაპარაკების პროცესის წარმოება, შერიგებაში დახმარება და ზიანის ანაზღაურების ფორმაზე მათი შეთანხმება. მედიატორი მხარეებს აწვდის დეტალურ ინფორმაციას მედიაციის არსის, პროცედურების შესახებ და უხსნის მათ მედიაციის მნიშვნელობას. 

დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მედიატორი მართავს შეხვედრას (ე. წ. მედიაციის კონფერენცია), რა დროსაც დაზარალებული და დანაშაულის ჩამდენი პირი პირადად ხვდებიან ერთმანეთს. მედიაციის კონფერენციას შესაძლოა, ასევე, ესწრებოდნენ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, სოციალური მუშაკი და პროკურორი. ამ შეხვედრაზე დაზარალებულს ეძლევა შესაძლებლობა, უამბოს სამართალდამრღვევს, რა განიცადა დანაშაულის ჩადენისას და რა გავლენა მოახდინა მის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა მასზე. ამავე შეხვედრაზე 21 წლამდე ასაკის პირი საუბრობს მის მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე და შედეგებზე.

შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილე ხელს აწერს განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულებას, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება პროკურორის, სოციალური მუშაკისა და მედიატორის მიერ ერთობლივად შერჩეული პირობები, რომელთა შესრულება მოუწევს განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ პირობებში გათვალისწინებული იქნება დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების საკითხიც. შერჩეული პირობები არ უნდა იწვევდეს დანაშაულის ჩამდენი პირის სტიგმატიზაციას, მის მოწყვეტას ნორმალური სასწავლო პროცესისგან და არ უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ ზეგავლენას მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე.

განრიდება მედიაციის გარეშე

იმ შემთხვევაში, თუ 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს არ ჰყავს დაზარალებული (ე. ი. დანაშაულს არ მოჰყოლია ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანი) ან თუ დაზარალებულმა უარი განაცხადა მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე, განხორციელდება განრიდება მედიაციის გარეშე, თუმცა, დაზარალებულს უფლება აქვს, შეიცვალოს აზრი და ნებისმიერ დროს ჩაერთოს მედიაციის პროცესში.

მას შემდეგ, რაც სოციალური მუშაკი შეხვდება კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს და მისი ოჯახის წევრებს, შეისწავლის მის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ინტერესებს, შესაძლებლობებს, პროკურორი მოამზადებს განრიდების ხელშეკრულებას. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი იქნება არასრულწლოვანთან/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანთან წინასწარ შეთანხმებული ის პირობები, რომელთა შესრულება მოუწევს მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ხელშეკრულების პირობები ამგვარ შემთხვევაშიც განისაზღვრება პროგრამაში ჩართული პირის ფიზიკური შესაძლებლობების, უნარების, ინტერესების, საჭიროებების გათვალისწინებით.

 

 

statistika განრიდებული 4430   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა