პროკურორს

განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია. პროგრამის მიზანია, იმ არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის გათავისუფლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელმაც  ჩაიდინა ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დანაშაული,  მისთვის ხელშეწყობა გამოასწოროს დაშვებული შეცდომა და გააცნობიეროს დანაშაულის შედეგები.

პროგრამას საფუძვლად უდევს სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც პროკურორი უფლებამოსილია არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა  და ამავე დროს, არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე.  პროგრამის ფარგლებში სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარი არ გულისხმობს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისპატიებასარასრულწლოვნისათვის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნისათვის და მის გათავისუფლებას ყოველგვარი ვალდებულებისაგან.  განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პირის პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სპეციალური ხელშეკრულებით. შედეგად, პროკურორს აქვს შესაძლებლობა განარიდოს არასრულწლოვანი/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას და ნასამართლობას, ამასთან, ხელი შეუწყოს განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას, არასრულწლოვნის გამოსწორებასა და მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განრიდება არის პრიორიტერული ღონისძიება და თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა, ფასდება, უზრუნველყოფს თუ არა განრიდება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

განდირებისა და მედიაციის პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მედიაცია. თუ საქმეს ჰყავს დაზარალებული, განრიდების წინასწარი გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორი ხვდება დაზარალებულს, აწვდის ინფორმაციას არასრულწლოვნის შესაძლო განრიდების შესახებ, ამასთან, აცნობებს, რომ მას შეხვდება მედიატორი, რომელიც არის დამოუკიდებელი და ნეიტრალური პირი. მნიშვნელოვანია დაზარალებულისათვის მედიაციის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება, რადგან სწორედ მედიატორის ფუნქციაა პროგრამის შესახებ დაზარალებულის სრულყოფილად ინფორმირება და ინფორმირებული თანხმობის ან უარის მიღება მისგან მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე.

მას შემდეგ, რაც პროკურორი მიიღებს განრიდების წინასწარ გადაწყვეტილებას, არასრულწლოვნის მიმართ განრიდების პროცესის დაწყების შესახებ დადგენილების გამოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ის, მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს  დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სოციალური მუშაკისათვის კონკრეტული საქმის წარმოებაში გადაცემის მიზნით. თუ საქმეში ფიგურირებს დაზარალებული, პროკურორი აღნიშნულ მიმართვაში ასევე ითხოვს განრიდებისა და მედიაციის საქმეზე მედიატორის გამოყოფას.   სააგენტო მოცემულ საქმეს 2 სამუშაო დღის ვადაში გადასცემს სოციალურ მუშაკს და თუ საქმეში ფიგურირებს დაზარალებული, ასევე მედიატორს.

მედიატორის საქმიანობა რეგულირებულია „განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული მედიატორების საქმიანობის წესისა და სამუშაო დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ #384/ს ბრძანებით. საქმის მედიაციით წარმართვის შემთხვევაში, პროკურორი, მედიატორი და სოციალური მუშაკი ადგენენ განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების პირობებს. განრიდების პროგრამების ეფექტიანობის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება სწორედ ის არის, რომ არცერთი პროფესიონალი, ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში, არ არის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილი. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ითვალისწინებენ დაზარალებულის ინტერესს და მოქმედებენ არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული განაცხადებს თანხმობას მედიაციის პროცესში მონაწილეობის მიღების თაობაზე, მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მედიატორი მართავს მედიაციის საერთო შეხვედრას (.. მედიაციის კონფერენციას) რა დროსაც დაზარალებული და განსარიდებელი პირადად ხვდებიან ერთმანეთს.  მხარეებთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანი, დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი და მედიატორი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს მიეწოდება მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან/და საზოგადოების წინაშე.

პროგრამა არასრულწლოვნისთვის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნისათვის წარმოადგენს ერთ შანსს. მნიშვნელოვანია არასრულწლოვანმა გამოიყენოს შანსი და გადადგას ნაბიჯწარმატებული და კანონმორჩილი ცხოვრებისკენ.

statistika განრიდებული 4430   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა