ადვოკატს

საქართველოს კანონის, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით, განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენება შესაძლებელია როგორც არასრულწლოვნის, ასევე 21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის მიმართ.

თუ  სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი - დასაბუთებული ვარაუდი, რომ 21 წლამდე ასაკის პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე, ან მძიმე  დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიყენოს განრიდების/განრიდებისა და   მედიაციის პროგრამა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 და მე-40 მუხლების თანახმად, პროგრამის გამოყენების წინაპირობაა შემდეგი გარემოებების ერთობლიობა:

  • პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული;
  • არის 21 წლამდე ასაკის;
  • არ არის ნასამართლევი;
  • არ ყოფილა ჩართული განრიდება-მედიაციის პროგრამაში;
  • აღიარებს დანაშაულს;
  • პროკურორის შინაგანი რწმენითა და არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი;
  • არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი განრიდების გამოყენებაზე წერილობით ინფორმირებულ თანხმობას გამოხატავენ.

განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურორი ითვალისწინებს არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და აფასებს, თუ რა გავლენა ექნება პროგრამაში მონაწილეობას მასზე, როგორია განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი განრიდების გამოყენების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შემთხვევაში და სხვა.

განრიდების შესახებ წინასწარ გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს არასრულწლოვანთან/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანთან და დაზარალებულთან შეხვედრების შემდეგ. მისი გამოყენება შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ნებისმიერ სტადიაზე, წინასასამართლო სხდომამდე - პროკურორის მიერ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 1-ლი იანვრიდან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, დაუბრუნოს საქმე პროკურორს განრიდების მიზნით. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია, განრიდების გამოსაყენებლად, საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს განრიდებას შესთავაზებს და, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ განრიდების პროცესი ასევე რეგულირებულია „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში, იუსტიციის მინისტრის ბრძანება) 2016 წლის 1 თებერვლის, #120 ბრძანებით, რომლის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, განრიდების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის  თანხმობის შემთხვევაში, პროკურორი შესაბამისი დადგენილების გამოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით, მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), რომელიც  2 სამუშაო დღის ვადაში გადასცემს განრიდების საქმეს კონკრეტულ სოციალურ მუშაკს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს განსარიდებლის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს (შემდგომში - შეფასებას) და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს, რომლებშიც მიეთითება თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად განსარიდებელზე და შეუწყობს ხელს  მის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. დასკვნის საფუძველზე, პროკურორი სოციალურ მუშაკთან ერთად ადგენს ხელშეკრულების პირობებს. მედიაციის შემთხვევაში, მედიატორი უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბებას პროკურორთან, სოციალურ მუშაკთან შეთანხმებით და მედიაციის მხარეთა ჩართულობით. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ითვალისწინებენ დაზარალებულის ინტერესს და მოქმედებენ არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ხელშეკრულების პირობად ასევე შეიძლება განისაზღვროს, ზიანის ანაზღაურება ან/და დაზარალებულისთვის ბოდიშის მოხდა.

არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიაციის კომპონენტი. მას შემდეგ, რაც პროკურორი მიიღებს განრიდების გადაწყვეტილებას და საქმეს ჰყავს დაზარალებული, პროკურორი არასრულწლოვნის მიმართ განრიდების პროცესის დაწყების შესახებ დადგენილების გამოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მიმართავს სააგენტოს, რომელიც მოცემულ საქმეს 2 სამუშაო დღის ვადაში გადასცემს მედიატორს. შედეგად, საქმეში ერთვება მედიატორი, რომელიც არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური პირი.  საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, მედიატორის საქმიანობა რეგულირებულია „განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული მედიატორების საქმიანობის წესისა და სამუშაო დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული განაცხადებს თანხმობას მედიაციის პროცესში მონაწილეობის მიღების თაობაზე, მედიაციის მოსამზადებელი შეხვედრების დასრულების შემდეგ, მედიატორი მართავს შეხვედრას (.. მედიაციის კონფერენციას) რა დროსაც დაზარალებული და განსარიდებელი პირადად ხვდებიან ერთმანეთს.  ყველა მხარესთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანი, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, განრიდებულს მიეწოდება მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან/და საზოგადოების წინაშე. არასრულწლოვანს/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანს დაეხმარებიან სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

ადვოკატს ეძლევა უფლება დაესწროს ყველა შეხვედრას და პროცედურას.

თუ არასრულწლოვანი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანი არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნებს და შეუძლებელი ხდება ხელშეკრულების სხვა პირობებზე შეთანხმება, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

განრიდებულის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მან არ გამოიყენოს მისთვის მიცემული შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ამ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 48-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, სოციალური მუშაკი ვალდებულია აცნობოს პროკურორს აღნიშნულის თაობაზე. პროკურორი კი უფლებამისილია დაიწყოს/განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა, შეცვალოს განრიდების ღონისძიება ან/და გააგრძელოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის მიმართ. ასეთი შესაძლებლობის არსებობამ, კარგად უნდა დააფიქროს ის, რათა უზრუნველყოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

statistika განრიდებული 5194   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა