მედიატორს

მას შემდეგ, რაც პროკურორი მიიღებს განრიდების გადაწყვეტილებას და საქმეს ჰყავს დაზარალებული, საქმეში ჩაერთვება მედიატორი.

მედიაციის მიზანია დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნს/21წლამდე ასაკის სრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის მოლაპარაკების პროცესის შედეგად მათი შერიგება, დანაშაულით გამოწვეული ემოციური, თუ მატერიალური შედეგების გამოსწორება. მედიაციაში ცენტრალურ როლს ასრულებს მედიატორი - სათანადო კვალიფიკაციის მქონე ნეიტრალური პირი, რომელიც წარმართავს მთელ პროცესს.

მედიაციის პროცესი სამი ძირითადი ეტაპისაგან შედგება მოსამზადებელი, წინასაკონფერენციო ეტაპი და მედიაციის კონფერენცია. პირველ, მოსამზადებელ ეტაპზე მედიატორის ფუნქციაა სპეციალური უნარ-ჩვევების გამოყენებით ხელი შეუწყოს პროცესის დაწყებას. ამ ეტაპზე იგი ხვდება დაზარალებულს და აცნობს მას პროგრამის შესახებ ინფორმაციას, განუმარტავს პროგრამის არსს, მიზნებს, პრინციპებს და უხსნის პროგრამის დადებით მხარეებს, ამ ეტაპზე მისი მიზანია მიიღოს ინფორმირებული თანხმობა, ან უარი დაზარალებულისაგან მედიაციის პროცესში ჩართვის თაობაზე. წინასაკონფერენციო ეტაპზე მედიატორი ცალ-ცალკე უკავშირდება განსარიდებელსა და დაზარალებულს, ესაუბრება მათ მედიაციის არსის, მიზნებისა და წესების შესახებ, აწვდის დეტალურ ინფორმაციას ხელშეკრულების სავარაუდო პირობების შესახებ, აგრეთვე ათანხმებს ამ პირობებს მონაწილეებთან. წინასაკონფერენციო ეტაპზე მისი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მხარეთა ნებაყოფლობითი და ინფორმირებული მონაწილეობა მედიაციის პროცესში და კონსესუსის მიღწევამხარეთა შორის მედიაციის ხელშეკრულების სავარაუდო პირობებთან დაკავშირებით. დაზარალებულის ჩართულობა მედიაციაში უზრუნველყოფს მის აქტიურ მონაწილეობას ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების ფორმის განსაზღვრაში. დაზარალებულს უნდა განემარტოს, რომ მისი უარი მედიაციაში მონაწილეობაზე, არ აბრკოლებს განრიდების პროცესს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიატორმა მხარეებს განუმარტოს მედიაციაში მონაწილეობის ნებაყოფლობითი ხასიათი. 

დასკვნით ეტაპზე, მედიატორი წარმართავს მედიაციის საერთო შეხვედრას (.. მედიაციის კონფერენცია), რა დროსაც დაზარალებული და არასრულწლოვანი/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანი პირადად ხვდებიან ერთმანეთს. მედიაციის საერთო შეხვედრის მთავარი წესის შესაბამისად, რომელიც განემარტება მხარეებს  შეხვედრის დასაწყისში, მიუღებელი შეიძლება იყოს კონკრეტული ქმედება და არა შეხვედრაში მონაწილე პირი. კონფერენციაზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი მოსაზრება ჩადენილი ქმედებისა და მისი შედეგების შესახებ, დაუსვან შეკითხვები ერთმანეთს და თავად მივიდნენ გამოსავლამდე.  მედიაციის საერთო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია განსარიდებლის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მისი შედეგების გაცნობიერება. ამ ეტაპზე მედიატორის როლი მდგომარეობს შეხვედრის წარმართვაში - ფასილიტაციაში.

კონფერენციის, ისევე როგორც ზოგადად მედიაციის პროცესის მსვლელობისას, მედიატორი ვალდებულია იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი, ობიექტური და დამოუკიდებელი, არ მიანიჭოს რაიმე უპირატესობა რომელიმე მხარეს. ამასთან, მნიშვნელოვანია მედიატორის  უნარი, შექმნას მხარეთათვის უსაფრთხო გარემო, გაამხნევოს ისინი და ხელი შეუწყოს  საკუთარი აზრისა და პოზიციის გამოხატვასა და პირდაპირი დიალოგის წარმოებაში.

წარმატებული მედიაციის დასასრულია განრიდებისა და  მედიაციის ხელშეკრულება, რომელშიც შეიძლება აისახოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შეთანხმებული გეგმა და მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები.

statistika განრიდებული 4430   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა