დანაშაული და განრიდება

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და მის მიმართ გამოიყენოს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. 

არასრულწლოვნის განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი დაუკავშირდება პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნის საქმის კონკრეტული სოციალური მუშაკისთვის დაწერას.

სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვნის ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებას, შეფასების დასკვნასა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს, რომლებშიც მიეთითება თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს  მის გამოსწორებას. დასკვნის საფუძველზე პროკურორი სოციალურ მუშაკთან და მედიაციის შემთხვევაში - მედიატორთან ერთად ადგენს ხელშეკრულების პირობებს. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ითვალისწინებენ დაზარალებულის ინტერესს და მოქმედებენ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობად შეიძლება განისაზღვროს, ზიანის ანაზღაურება ან/და დაზარალებულისთვის ბოდიშის მოხდა.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც პროკურორი მიიღებს განრიდების გადაწყვეტილებას და საქმეს ჰყავს დაზარალებული, საქმეში ერთვება მედიატორი, რომელიც არის ნეიტრალური პირი.  მედიატორის მიზანია დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს შორის მოლაპარაკების წარმოება, შერიგებაში დახმარება და ზიანის ანაზღაურების ფორმაზე შეთანხმება. მედიატორი დაზარალებულსა და არასრულწლოვანს აწვდის დეტალურ ინფრომაციას მედიაციის არსის, პროცედურების შესახებ და უხსნის მათ მედიაციის მნიშვნელობას.

დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მედიატორი მართავს შეხვედრას (ე.წ. მედიაციის კონფერენციას) რა დროსაც დაზარალებული და არასრულწლოვანი პირადად ხვდებიან ერთმანეთს. ყველა მხარესთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი, სოციალური მუშაკი, მედიატორი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს მიეწოდება მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება  დაზარალებულის ან/და საზოგადოების წინაშე მოვალეობები, რომელთა შემუშავებაში მედიატორიც იღებს მონაწილეობას. არასრულწლოვანს დაეხმარებიან სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

იმ შემთხვევაში, თუ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული, ან დაზარალებული წინააღმდეგია მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე, აღნიშნული არ აბრკოლებს განრიდების პროცესს და პროკურორი უფლებამოსილია გააფორმოს არასრულწლოვანთან ხელშეკრულება განრიდების შესახებ. თუმცა დაზარალებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ჩაერთოს მედიაციის პროცესში.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ არასრულწლოვანმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ამ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის საქმეს კვლავ პროკურორს დაუბრუნებს. პროკურორი კი უფლებამისილია ხელახლა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ამ არასრულწლოვნის მიმართ. ასეთი შესაძლებლობის არსებობამ კარგად უნდა დააფიქროს არასრულწლოვანი და უზრუნველყოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

statistika განრიდებული 2323   /   გამეორებითი დანაშაული 60

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა