განრიდების პროგრამების განხორციელების პროცესში სოციალური მუშაკის მონაწილეობა მიზნად ისახავს არასრულწლოვნის/21 წლის ასაკამდე სრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებების, მისი უნარებისა და სოციალური გარემოს შესწავლას, რაც საფუძვლად უდევს განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების პირობების შემუშავებას. კერძოდ, განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი დაუკავშირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და გადასცემს არასრულწლოვნის/21 წლის ასაკს მიუღწეველი სრულწლოვნის საქმეს. სააგენტო უზრუნველყოფს საქმის სოციალური მუშაკისთვის გადაცემას.
სოციალური მუშაკი შეიმუშავებს განსარიდებლის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელშიც სხვა გარემოებებთან ერთად მიეთითება განსარიდებლის საჭიროებების შესახებ, თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე პროკურორი სოციალურ მუშაკთან ერთად ადგენს ხელშეკრულების პირობებს. მედიაციის შემთხვევაში, მედიატორი უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბებას პროკურორთან და სოციალურ მუშაკთან შეთანხმებით. განრიდების პროგრამების ეფექტიანობის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება სწორედ ის არის, რომ არცერთი პროფესიონალი, ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში, არ არის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილი. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ითვალისწინებენ დაზარალებულის ინტერესს და მოქმედებენ არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების პირობად შეიძლება განისაზღვროს, ზიანის ანაზღაურება ან/და დაზარალებულისთვის ბოდიშის მოხდა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სოციალური მუშაკი მუშაობს არასრულწლოვანთან/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანთან, უწევს მონიტორინგს მის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებას და განსაზღვრული პერიოდულობით აწვდის პროკურორს ინფორმაციას ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
სოციალური მუშაკი ეხმარება განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირს სოციალურ ინტეგრაციაში, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.