ადვოკატს

2010 წლის ივლისში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელთან ერთადაც ამოქმედდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი.

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე, ან მძიმე  დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიყენოს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წინაპირობაა შემდეგი გარემოებების ერთობლიობა:

  • არასრულწლოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული;
  • არასრულწლოვანი არ არის ნასამართლევი;
  • არასრულწლოვანს არ მიუღია მონაწილეობა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს.
  • პროკურორის შინაგანი რწმენითა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი.

განრიდების პროგრამა გამოიყენება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ერთობლიობისას. განრიდების პროგრამა ჯგუფურ დანაშაულზე (გარდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულისა) ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი დანაშაული ჯგუფურობის გამო ხვდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში. ამასთან, ჯგუფის მონაწილე არასრულწლოვნის პიროვნული თვისებების, ბრალის ხარისხისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, განრიდება შეიძლება არ გავრცელდეს ჯგუფის ყველა წევრზე.

გარიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ითვალისწინებს არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს და აფასებს თუ, რა გავლენა ექნება პროგრამაში მონაწილეობას არასრულწლოვანზე; როგორია რეციდივის რისკი განრიდების გამოყენების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შემთხვევაში და სხვა.

განრიდების შესახებ წინასწარ გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს არასრულწლოვანთან და დაზარალებულთან შეხვედრების შემდეგ. მისი გამოყენება შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ნებისმიერ სტადიაზე წინასასამართლო სხდომამდე.

არასრულწლოვნის განრიდების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, პროკურორი დაუკავშირდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის  იურიდიულ პირს - პრობაციის ეორვნულ სააგენტოს, რომელიც დააწერს არასრულწლოვნის საქმეს კონკრეტულ სოციალურ მუშაკს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვნის ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებას, შეფასების დასკვნასა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს, რომლებშიც მიეთითება თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს  მის გამოსწორებას. დასკვნის საფუძველზე პროკურორი სოციალურ მუშაკთან და მედიაციის შემთხვევაში - მედიატორთან ერთად ადგენს ხელშეკრულების პირობებს. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ითვალისწინებენ დაზარალებულის ინტერესს და მოქმედებენ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობად შეიძლება განისაზღვროს, ზიანის ანაზღაურება ან/და დაზარალებულისთვის ბოდიშის მოხდა. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც პროკურორი მიიღებს განრიდების გადაწყვეტილებას და საქმეს ჰყავს დაზარალებული, საქმეში ერთვება მედიატორი, რომელიც არის ნეიტრალური პირი.  დაზარალებულის თანხმობის  შემთხვევაში, მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მედიატორი მართავს შეხვედრას (ე.წ. მედიაციის კონფერენციას) რა დროსაც დაზარალებული და არასრულწლოვანი პირადად ხვდებიან ერთმანეთს.  ყველა მხარესთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს მიეწოდება მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან/და საზოგადოების წინაშე. არასრულწლოვანს დაეხმარებიან სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

არასრულწლოვნის ადვოკატს ეძლევა უფლება დაესწროს ყველა შეხვედრას და პროცედურას.

თუ არასრულწლოვანი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნებს და შეუძლებელი ხდება ხელშეკრულების სხვა პირობებზე შეთანხმება, პროკურორი წყვეტს პროცესს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ არასრულწლოვანმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ამ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის საქმეს კვლავ პროკურორს დაუბრუნებს. პროკურორი კი უფლებამისილია დაიწყოს/განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა ამ არასრულწლოვნის მიმართ. ასეთი შესაძლებლობის არსებობამ, კარგად უნდა დააფიქროს არასრულწლოვანი და უზრუნველყოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

statistika განრიდებული 2323   /   გამეორებითი დანაშაული 60

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა