ჟურნალისტს

განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა

განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ხორციელდება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პროკურატურის ურთიერთთანამშრომლობით.

განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის არის ერთი შანსი, გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ გააგრძელოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ.

მისი არსი მდგომარეობს შემდეგში:

ნაცვლად იმისა, რომ არასრულწლოვანი მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში,  პროკურორი  იღებს გადაწყვეტილებასარ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. ის ხვდება 21 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან დამცველს და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ესაუბრება მათ ჩადენილ დანაშაულზე, აწვდის ინფორმაციას განრიდების პროცესის შესაძლო დაწყების შესახებ.

თუკი არასრულწლოვანი და მისი მხარე გამოთქვამს თანხმობას, ჩაერთოს პროგრამაში და სახეზეა დაზარალებული, საქმეში ერთვება  სააგენტოს მედიატორი.

მედიატორის მიზანია დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ 21 წლის ასაკს მიუღწეველ პირს შორის მოლაპარაკების პროცესის წარმოება, შერიგებაში დახმარება და ზიანის ანაზღაურების ფორმაზე მათი შეთანხმება. მედიატორი მხარეებს აწვდის ინფორმაციას მედიაციის არსის, პროცედურების შესახებ და უხსნის მათ მედიაციის მნიშვნელობასმოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მედიატორი მართავს შეხვედრას (. . მედიაციის კონფერენცია), რა დროსაც დაზარალებული და დანაშაულის ჩამდენი პირი პირადად ხვდებიან ერთმანეთს. ამ შეხვედრაზე დაზარალებულს ეძლევა შესაძლებლობა, უამბოს სამართალდამრღვევს, რა განიცადა დანაშაულის ჩადენისას და რა გავლენა მოახდინა ამან მასზე. ამავე შეხვედრაზე 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირი საუბრობს მის მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე.

პარალელურად, განრიდების საქმეზე მუშაობს სოციალური მუშაკი.

სოციალური მუშაკი ახორციელებს  კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის  ინდივიდუალურ  შეფასებას, აანალიზებს მის საჭიროებებს, უნარებს და რისკებს.  აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფსიქოლოგიურ განვითარებას, განათლებისა და სოციალურ მდგომარეობასინდივიდუალური  შეფასების ანგარიშს სოციალური მუშაკი ამზადებს 21 წლამდე ასაკის პირთან, მის ოჯახის წევრებთან და მასთან დაკავშირებული სოციალური გარემოს სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუების მეშვეობით.

ამ დეტალური ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს განრიდების სარეკომენდაციო პირობებს, რომელიც  მორგებულია მოზარდის საჭიროებებს. მასში გათვალისწინებულია არასრულწლოვნის (21 წლამდე პირისინტერესები, საჭიროებები და იმ დანაშაულის ტიპი, რომელიცან ჩაიდინა

პროკურორის, სოციალური მუშაკისა და მედიატორის მიერ ერთობლივად ხდება ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტზე შეთანხმება, განსაზღვრავენ თუ რა ვადით გაფორმდება ხელშეკრულება და რას გაითვალისწინებს ის. შეთანხმებული პირობები წარედგინება მხარეებს. შედეგად, ფორმდება განრიდების, ან მედიაციის შემთხვევაში - განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს სოციალური მუშაკი უწევს და ეხმარება არასრულწლოვანს პირობების სრულყოფილად შესრულებაში.

სოციალური მუშაკი ვალდებულია, აცნობოს პროკურორს, 21 წლის ასაკამდე პირი თუ ვერ ან არ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს.

განრიდების გამოყენების წინაპირობები

21 წლის ასაკამდე პირის (14 წლის ასაკიდან) მიმართ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის პირობებში:

  • ჩადენილია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, .ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • 21 წლის ასაკამდე პირი არ არის ნასამართლევი;
  •  21 წლის ასაკამდე პირს ადრე არ აქვს მონაწილეობა მიღებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • აღიარებს დანაშაულს და თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • არ არსებობს გარემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ცნობისათვის, 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, განრიდება გახდა პრიორიტეტული და აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებულია უპირველესად განიხილოს განრიდების გამოყენების შესაძლებლობა და უარის შემთხვევაში, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა შექმნა სასამართლოს მიერ პროკურორისათვის საქმის განრიდების მიზნით დაბრუნების მექანიზმი.

სტატისტიკა:

2019 წელს განრიდების პროგრამებში ჩაერთო 437 არასრულწლოვანი და 359  - 21 წლამდე ასაკის პირი. 408 არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებულ იქნა მედიაციის კომპონენტი, შესაბამისად, იმ საქმეთაგან, რომლებშიც არსებობდა მედიაციის გამოყენების წინაპირობა, 55 % დასრულდა მედიაციით და გაიმართა 328 მედიაციის საერთო შეხვედრა. აღნიშნული კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს, შედეგად, 408 განრიდების პროგრამაში ჩართულ პირს მიეცა დაზარალებულთან შეხვედრის, დიალოგისა და დამდგარი შედეგის გამოსწორების შესაძლებლობა, რაც ცხადია, ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის მიერ დანაშაულის გაცნობიერებას და დაზარალებულის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას მართლმსაჯულების პროცესში. 

განრიდების მაჩვენებლის ზრდის პარალელურადგანრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი დაბალია, რაც პროგრამის ეფექტიანობაზე მიუთითებსსაქართველოს პროკურატურის მონაცემებით,  2010 წლის 15 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სულ განრიდდა 2473 არასრულწლოვანი პირი. აქედან განმეორებითი დანაშაული ხელშეკრულების დასრულებიდან 3 წლის ვადაში ჩაიდინა მხოლოდ 9%-მა, რაც საუკეთესო მაჩვენებლია ევროპული სტანდარტითაც.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზს: 032 2 30 30 12

 

 

 

statistika განრიდებული 5194   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა