დანაშაული და განრიდება

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა/21 წლამდე ასაკის სრულლწოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული,  ე.ი. ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას, პროკურორი უფლებამოსილია დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და ჩართოს ის განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში.

არასრულწლოვნის განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის  თანხმობის შემთხვევაში, პროკურორი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით, მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), რომელიც   განრიდების საქმეს გადასცემს სოციალურ მუშაკს.

სოციალური მუშაკი შეიმუშავებს განსარიდებლის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს (შემდგომში - შეფასებას) და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს, რომლებშიც მიეთითება თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს  მის რებილიტაცია-რესოციალიზაციას. შეფასების საფუძველზე პროკურორი  სოციალურ მუშაკთან ერთად ადგენს ხელშეკრულების პირობებს. მედიაციის შემთხვევაში, მედიატორი უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბებას პროკურორთან და სოციალურ მუშაკთან შეთანხმებით. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ითვალისწინებენ დაზარალებულის ინტერესს და მოქმედებენ არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობად შეიძლება განისაზღვროს, ზიანის ანაზღაურება ან/და  არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროების შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც პროკურორი მიიღებს განრიდების გადაწყვეტილებას და საქმეს ჰყავს დაზარალებული, საქმეში ერთვება მედიატორი, რომელიც არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირი.  მედიატორის მიზანია დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს/21 წლამდე ასაკის სრულლწოვანს შორის მოლაპარაკების წარმოება,  კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება და ზიანის ანაზღაურების ფორმაზე შეთანხმება. მედიატორი დაზარალებულსა და არასრულწლოვანს/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანს აწვდის დეტალურ ინფორმაციას მედიაციის არსის, პროცედურების შესახებ და უხსნის მათ მედიაციის მნიშვნელობას.

დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, მედიაციის მოსამზადებელი შეხვედრების დასრულების შემდეგ მედიატორი მართავს მედიაციის საერთო შეხვედრას (.. მედიაციის კონფერენციას) რა დროსაც დაზარალებული და არასრულწლოვანი/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანი პირადად ხვდებიან ერთმანეთს. ყველა მხარესთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანი, პროკურორი, სოციალური მუშაკი, მედიატორი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს/ 21 წლამდე ასაკის სრულწლოვანს მიეწოდება მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება  დაზარალებულის ან/და საზოგადოების წინაშე მოვალეობები. კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს დაეხმარებიან სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

იმ შემთხვევაში, თუ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული, ან დაზარალებული უარს აცხადებს მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე, აღნიშნული არ აბრკოლებს განრიდების პროცესს და პროკურორი უფლებამოსილია გააფორმოს არასრულწლოვანთან/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანთან განრიდების ხელშეკრულება. მედიაციის პროცესში ჩართვაზე უარის მიუხედვად,  დაზარალებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიცვალოს პოზიცია და ჩაერთოს მედიაციის პროცესში.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულლწოვნის  მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. შესაძლებელია, რომ არასრულწლოვანმა/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. სოციალური მუშაკი ვალდებულია აცნობოს პროკურორს აღნიშნულის თაობაზე. პროკურორი კი უფლებამისილია დაიწყოს/განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა, შეცვალოს განრიდების ღონისძიება ან/და გააგრძელოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის მიმართ. ასეთი შესაძლებლობის არსებობამ კარგად უნდა დააფიქროს არასრულწლოვანი/21 წლამდე ასაკის სრულლწოვანი, რათა მან უზრუნველყოს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

statistika განრიდებული 5194   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა