განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის ჩართვამდე, მას ინდივიდუალურად აფასებს სოციალური მუშაკი და ამზადებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
ვინ არის სოციალური მუშაკი?
სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სოციალური მუშაკი არის პირი, რომელსაც მიღებული აქვს აკადემიური ან სხვა განათლება სოციალურ მუშაობაში და მისი პრაქტიკული საქმიანობა მიზნად ისახავს პიროვნების თავისუფალ განვითარებას სოციუმში, საზოგადოებაში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდების გაძლიერებით საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას.
სოციალური მუშაკის ამოცანაა:
- საჭიროებების შეფასება და სირთულეების იდენტიფიცირება;
- დახმარება პოტენციალის გაუმჯობესებასა, თუ სოციალური ფუნქციონირების ამაღლებაში;
- ოჯახის კონსულტირება და გაძლიერება;
- საჭიროებების შესაბამისი სერვისებისა და მომსახურებების მიწოდების უზრუნველყოფა და დაკავშირება აუცილებელ რესურსებთან და მომსახურებასთან;
- სოციალური მომსახურებებით უზრუნველყოფის მიზნით, უწყებათაშორისი ღონისძიებების განხორციელება.
სოციალური ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, სოციალური მუშაკი სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია:
- პრევენცია - სოციალური მომსახურების მიწოდება შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით;
- რეაბილიტაცია - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის მხარდაჭერა და გაძლიერება მათ შორის, შესაძლებლობებისა და უნარების გაუმჯობესების მიზნით;
- საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა - უშუალოდ არსებულ პრობლემასთან ბრძოლა მისი მინიმალიზაციის ან ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით;
აღნიშნული
მიმართულებებით სამუშაოდ,
უპირველესად, საჭიროა
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის სუსტი
და ძლიერი
მხარეების იდენტიფიცირება, მისი ზოგადი
პორტრეტის შექმნა.
ამ მიზნით
ხორციელდება ინდივიდუალური შეფასება (შემდგომში-შეფასება), რაც
გულისხმობს არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის კვლევას
სხვადასხვა მიმართულებით.
ადამიანის ჩამოყალიბებას და მის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებიც მუდმივ ურთიერთკავშირში იმყოფებიან.
- ბიოლოგიური ფაქტორები დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის განვითარებაზე. ეს ფაქტორებია: ფიზიკური ჯანმრთელობა, გარეგნობა, სქესი, გენეტიკური დაავადებები და სხვა.
- ფსიქოლოგიური ფაქტორები მოიაზრებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ემოციურ და სოციალურ ინტელექტს, თვითაღქმას, ემპათიას, მორალურ განვითარებას, სტრესის, ტრავმის დაძლევის სტრატეგიებს და სხვა.
- სოციალური ფაქტორები მოიცავს სოციალურ მდგომარეობას და სოციალურ გარემოს: ოჯახს და ოჯახურ ურთიერთობებს, თანატოლებს, (თემი, საზოგადოება, სამეზობლო), ეკონომიკურ სტატუსს, რელიგიას და სხვა.
ინდივიდუალური შეფასების ფარგლებში, სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის საჭიროებების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარების, ქცევითი თავისებურებების, განათლების, სოციალური გარემოს და სოციალური მდგომარეობის შესახებ აგროვებს/იღებს დეტალურ ინფორმაციას.
შეფასების საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განისაზღვრება არასრულწლოვნისთვის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნისთვის სერვისები, რომლებიც მიმართულია მის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებაზე.