მედიაცია

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის/21 წლამდე ასაკის სრულწლოვნის განრიდების პროცესში, მედიაცია მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც აახლოებს განრიდების პროცესს აღდგენითი მართლმსაჯულების ღირებულებებსა და პრინციპებთან.

მედიაციის მიზანია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული უთანხმოების, კონფლიქტის ამოწურვა.  მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს და ორიენტირებულია ადამიანებზე, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და დაკმაყოფილებაზე.

მედიაციის პროცესს წარმართავს  დამოუკიდებელი და ნეიტრალური, სათანადოდ მომზადებული პროფესიონალი - მედიატორი. მისი ამოცანაა ხელი შეუწყოს მხარეებს დიალოგის პროცესში, აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები შესაბამისი ეთიკის წესებისა და კონფიდენციალურობის დაცვით.

მედიაციის პროცესი სამი ძირითადი ეტაპისაგან შედგება, მოსამზადებელი, წინასაკონფერენციო ეტაპი და მედიაციის კონფერენცია. მოსამზადებელ ეტაპზე მედიატორის ფუნქციაა სპეციალური უნარ-ჩვევების გამოყენებით ხელი შეუწყოს პროცესის დაწყებას. ამ ეტაპზე იგი ხვდება დაზარალებულს და აცნობს მას პროგრამის შესახებ ინფორმაციას, განუმარტავს პროგრამის არსს, მიზნებს, პრინციპებს და უხსნის პროგრამის დადებით მხარეებს, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების საკითხის მედიაციის პროცესში შეთანხმების შესაძლებლობას. დაზარალებულს განემარტება, რომ მისი უარი მედიაციაში მონაწილეობაზე, არ აბრკოლებს განრიდების პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია პროცესის მედიაციით წარმართვა არა მხოლოდ დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ეს პროცესი დაეხმაროს კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს გააცნობიეროს თავისი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგები და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

წინასაკონფერენციო ეტაპზე მედიატორი ცალ-ცალკე ხვდება დამზარალებელსა და დაზარალებულს, ამზადებს მათ მედიაციის საერთო შეხვედრისათვის, მუშაობს მხარეთა საჭიროებების დაიდენტიფიცირებაზე, წარმართავს მოლაპარაკების პროცესს, აწვდის დეტალურ ინფორმაციას ხელშეკრულების სავარაუდო პირობების თაობაზე და ათანხმებს ამ პირობებს მათთან. ამ ეტაპზე მისი ამოცანაა უზრუნველყოს მხარეთა ნებაყოფლობითი და ინფორმირებული მონაწილეობა მედიაციის პროცესში და მიაღწიოს მხარეთა შორის კონსესუსს მედიაციის ხელშეკრულების სავარაუდო პირობებთან დაკავშირებით. დაზარალებულის ჩართულობა მედიაციაში უზრუნველყოფს მის აქტიურ მონაწილეობას ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების ფორმის განსაზღვრაში. ხოლო კონფერენციის მსვლელობისას, დაზარალებულს ექნება შესაძლებლობა გაესაუბროს დამზარალებელს, დაუსვას შეკითხვები და გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ.

მოსამზადებელი და წიანსაკონფერენციო ეტაპების შემდგომ, დასკვნით ეტაპზე,  მედიატორი წარმართავს მედიაციის საერთო შეხვედრას (.. მედიაციის კონფერენცია), რა დროსაც დამზარალებელი და დაზარალებული პირადად ხვდებიან ერთმანეთს.  მედიაციის საერთო შეხვედრაზე მხარეებს საშუალება ეძლევათ  ისაუბრონ თავიანთი დამოკიდებულებებისა და ემოციების შესახებ დანაშაულთან დაკავშირებით. ხშირად, დაზარალებულებს კიდევ ერთხელ დაზარალების შიში აქვთ, იმ ადამიანისაგან, რომელმაც უკვე დააზარალა. ზოგჯერ უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ დამზარალებელი ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელმაც შესაძლოა დაუშვა შეცდომა და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. ცალკეულ შემთხვევებში, დაზარალებულებს აქვთ არაერთი კითხვა, როგორც წესი, პირველი კითხვა არის: რატომ მაინც და მაინც მე?

ეს პროცესი თავის მხრივ, ეხმარება დამზარალებელს, გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების რეალური შედეგები და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მათ შორის,  დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მედიაციის საერთო შეხვედრაზე განიხილება უშუალოდ დანაშაულის შემთხვევა და შეხვედრის მონაწილისათვის არ შეიძლება მიუღებელი იყოს შეხვედრის მონაწილე, მიუღებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ჩადენილი ქმედება.

საერთო შეხვედროს, ისევე როგორც, ზოგადად, მედიაციის პროცესის მსვლელობისას, მედიატორი ვალდებულია იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი, ობიექტური და დამოუკიდებელი, არ მიანიჭოს რაიმე უპირატესობა რომელიმე მხარეს. ამასთან, მნიშვნელოვანია მედიტორის უნარი, შექმნას მხარეთათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო, ხელი შეუწყოს მათ საკუთარი აზრის, თუ პოზიციის გამოხატვასა და პირდაპირი დიალოგის პროცესში.

წარმატებული მედიაციის დასასრულია სამოქალაქო ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერა, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და განრიდება-მედიაციის შემთხვევაში, განრიდების ღონისძიებებს.

აღდგენითი მართლმსაჯულების საპილოტე პროგრამა - მედიაცია სისხლის სამართალში

განრიდების პროგრამებში, მედიაციის, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის წარმატებული გამოცდილება საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის მედიაციის საპილოტე პროგრამის ამოქმედებას. საპილოტე პროგრამის საშუალებით დამზარალებელსა და დაზარალებულს საშუალება აქვთ მიმართონ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მედიაციის პროცესის ინიცირების მიზნით. დღეისათვის სააგენტო თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან, სპეციალურ მენიტენციურ სამსახურთან და სასამართლოსთან საპილოტე პროგრამების ფარგლებში მედიაციის წარმართვის მიზნით. სააგენტოს შეიძლება მომართოს დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა, ან ყოფილმა მსჯავრდებულმა პირმა სასჯელის სახის მიუხედავად,  შესაბამისად, მედიაციის საპილოტე პროგრამით სარგებლობის საშუალება ეძლევათ როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ, ასევე პრობაციაზე მყოფ პირებს და ყოფილ პატიმრებს.

მედიაციის პროცესის ინიცირების მიზნით, სააგენტოსათვის მიმართვის უფლება ასევე აქვს დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს.

statistika განრიდებული 5194   /   გამეორებითი დანაშაული 9

რეკომენდირებული საიტის რუქა ამობეჭდვა